ახალი ამბები

თბილისში დაჭრილი ტურისტი კლინიკიდან გაწერეს

10 ივლისი, 2021 • 1498
თბილისში დაჭრილი ტურისტი კლინიკიდან გაწერეს

პოლონელი ტურისტი, რომელიც 5 ივლისს თბილისში, ცივი იარაღით დაჭრეს, ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ინფორმაცია, ტურისტის კომენტართან ერთად, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

უწყება აღნიშნავს, რომ ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, უსასყიდლოდ გაივლის.

“საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.

ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ. ვფიქრობ, სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ”, – აღნიშნავს ის.

ტურისტი 5 ივლისს თბილისში, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის პარალელურად დაჭრეს.

ტელეკომპანია „ფორმულან” თავდაპირველად იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, „გეი ეგონათ“, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი; უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.

განცხადებაში ეწერა, რომ „დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება“.

ნათია თურნავამ პოლონეთის მოქალაქე 7 ივლისს მოინახულა, რის შემდეგაც თქვა, რომ ტურისტზე თავდასხმა ერთეული შემთხვევაა და საქართველოში ყველა ტურისტი დაცულია.

„თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე“, – განაცხადა მან.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, „საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი