ახალი ამბები

თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია

6 ივლისი, 2021 • 1976
თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია

პოლონელი ტურისტი, რომელიც 5 ივლისს თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“49 წლის კაცი [5 ივლისს] შემოიყვანეს სასწრაფო ბრიგადის საშუალებით შემთხვევის ადგილიდან. ჰქონდა მრავლობითი, 3 ნაკვეთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. მათ შორის 1 შემავალი- პლევრის ღრუში. შესაბამისად, იყო ფილტვის დაზიანებაც.

ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება, დრენირებულ იქნა პლევრის ღრუ, ჭრილობები გაიკერა, გულ-მკერდის კედელი გაიკერა. ამჟამად პაციენტი იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია”, — უთხრა “ნეტგაზეთს” პაციენტის მკურნალმა ექიმმა შალვა გიუაშვილმა.

რა მოხდა ხეთაგუროვის ქუჩაზე?

5 ივლისის ინციდენტის წინაპირობებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მედიამ.

“ფორმულა” მოქალაქეზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა, “გეი ეგონათ”, რის შემდეგაც ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები შესაძლო ჰომოფობიური მოტივი, რომელზეც ტელეკომპანია საუბრობს. უწყების თანახმად, დაკავებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. განცხადებაში წერია, რომ “დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით, მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება”.

“დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა”, — აღნიშნავს შსს.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი