ახალი ამბები

“ბოლო საუბარში მითხრა, ვნანობ, სინოფარმით რომ არ ავიცერიო” — კოვიდით გარდაცვლილი ექიმის შვილი

12 აგვისტო, 2021 • 1550
“ბოლო საუბარში მითხრა, ვნანობ, სინოფარმით რომ არ ავიცერიო” — კოვიდით გარდაცვლილი ექიმის შვილი

კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის შვილი თამუნა კვიტაიშვილი იხსენებს, თუ რა დაბრკოლებებს წააწყდა დედამისი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით აცრისას. იმუნიზაციის სურვილის მიუხედავად, ოფთალმოლოგ ლუიზა ცომაიას კორონავირუსი იქამდე დაემართა, სანამ ვაქცინაციას მოახერხებდა — ივლისის შუა რიცხვებში კი დაიღუპა.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ თამუნა კვიტაიშვილის ზეპირ ისტორიას, რომელიც მან პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა:


მერწმუნეთ, კოვიდის სივერაგე [დედას] პირველივე დღიდან, ვფიქრობ, ზედმეტადაც დიდი სიმძაფრით ჰქონდა აღქმული. ვისაც ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა მასთან, დამეთანხმება. თავდაცვის მაქსიმალურ ზომებს იღებდა , (დღემდე ვერ გაგვიგია, რა მომენტში დაინფიცირდა), ვაქცინას მართლა ციური მანანასავით ელოდა და პირველივე შემოსვლისთანავე — 6 აპრილს დარეგისტრირდა ფაიზერის ვაქცინაციაზე („ასტრაზენეკა“ სამედიცინო ჩვენებით და ექიმის რეკომენდაციით თავიდანვე გამოირიცხა საკმაოდ რთულად მიმდინარე კოაგულოპათიის გამო), ჰოდა, ბედის ირონიით, პირველად მის ცხოვრებაში ვაქცინაციამდე 5 დღით ადრე მოხვდა კლინიკაში სინკოპეს (გულის წასვლა) გამო , საკმაოდ ცნობილი კლინიკიდან მეორე დღეს “ვაქცინაციის შიშით გამოწვეული პანიკური შიშიის” დიაგნოზით გამოწერეს და ვაქცინაციის გადადების რეკომენდაციაც მისცეს.

საოცრად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ნანატრი ვაქცინის არარსებულ შიშს რომ მიეწერა მისი მდგომარეობა. ვაქცინაციის გაუქმებაც არ სურდა, ამიტომ მაქსიმალურად ფორსირებული რეჟიმით შეუდგა სწორი დიაგნოზის ძიებას, რისთვისაც, რეალურად, შაბათ-კვირის გამო 2 დღე ჰქონდა დარჩენილი აცრამდე, სამ სხვადასხვა ნოზოლოგიის ექიმთან ვიზიტი და საბოლოოდ დანიშნული კომპიუტერული ტომოგრაფიის კლევა 2 დღეში ვერ ესწრებოდა.ამიტომ დავიწყეთ რეკვა ცხელი ხაზიდან დაწყებული, თუ სადმე გადაგვამისამართეს კიდევ არაერთ სტრუქტურაში, რომ სამედიცინო ჩვენებით, მხოლოდ ორიოდ დღით გადაევადებინათ ჩანიშნული ვიზიტი თავად 50 წლის უწყვეტი სამედიცინო პრაქტიკის, ასაკობრივი რისკჯგუფის მქონე ექიმისთვის.

ბოლოს, ყველგან რომ უარი მივიღეთ, იმდენად მონდომებული იყო, მისი საოცრად მორიდებული ხასიათის მიუხედავად, ნაცნობ-მეგობრებშიც სცადა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამაოდ — პასუხი ყველგან უარყოფითი იყო. მაშინ გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, ყველაფერი მართლა სისტემურად, ყოველგვარი გადახვევის გარეშე კეთდებოდა და დამატებით სხვა “უკანონო” გზების ძიება აღარ მიფიქრია, რასაც ალბათ ვერასდროს ვაპატიებ თავს. მომავალში ბევრი ამაზე უარესი “გადაცდომის” შესახებ გავიგე და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა სინანულის და პროტესტის გრძნობაც.

სწორი დიაგნოზი — საყლაპავის თიაქარი და მისგან გამოწვეული სინკოპე დაისვა ზუსტად აცრის დღეს, ვაქცინაციის არანაირ უკუჩვენებას ეს დიაგნოზი არ წარმოადგენდა, მაგრამ ვაქცინა უკვე აღარ იყო.

შემდეგ იყო მორიგი დოზების შემოსვლის გაუთავებელი ლოდინი. მაისში, სონოფარმის გამოჩენისთანავე უფრო “ეფექტური “ვაქცინის ლოდინი არ დაგვიწყია. მთელი ოჯახი, სრულწლოვანი შვილების ჩათვლით, ავიცერით, დედაც ჩაწერილი იყო ჩვენთან ერთად.

“ექსპერტების” რჩევებს და მოსაზრებებს , რომ 60 წელს გადაცილებულთათვის ეს კონკრეტული ვაქცინა არაეფექტურია, სამწუხაროდ, იზიარებდა, მაგრამ ფაიზერის ლოდინით დაღლილი უკვე ამაზეც თანახმა იყო, მაგრამ აქაც ბედად, ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია ფაიზერის ივნისის დასაწყისში შემოსვლაზე და იმ ფაქტით შეგულიანებულმა, რომ არაერთ კოვიდიანთან საკმაოდ ახლო კონტაქტის მიუხედავად (პროფესიიდან გამომდინარე სანტიმეტრების მანძილზე უწევდა პაციენტებთან კონტაქტი) , მისი თავდაცვის ზომების გათვალისწინებით არაერთხელ გადარჩენილმა, კიდევ ორიოდ კვირა კვლავ ჯიუტად ფაიზერის ლოდინი გადაწყვიტა. ვერ შევეწინააღმდეგე. „ფაიზერის“ ვაქცინამ, საბოლოოდ, მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში, მისი გარდაცვალების დღეს ჩამოაღწია საქართველოში.

ერთ-ერთ ბოლო საუბარში მითხრა, როგორ ვნანობ, რომ არ დაგიჯერე და სინოფარმით არ ავიცერიო. იმაზეც საოცრად გულნატკენი იყო , რომ 2 დღე ვაქცინაციის გადავადების საშუალება არ მიეცა ქვეყანაში, რომელსაც ბოლო დღემდე მართლა მთელი გულით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით ემსახურა.

ამის მიუხედავად არავის ვადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა. ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო — უიღბლობა, სიჯიუტე, ბიუროკრატია და ბევრი გაუფილტრავი, არასწორი ინფორმაცია, რამაც ერთიანობაში ფატალური შედეგი გამოიღო. ასე რომ, გემუდარებით, აიცერით, რისი საშუალებაც იქნება, იმით. ნუ გავიწყდებათ, რომ საქართველო ამერიკა და ისრაელი არ არის, ყველას შეიძლება არ შეხვდეს კონკრეტულად ფაიზერი. რასაც ახერხებს ეს გაუბედურებული ქვეყანა, ისიც გასაკვირია. დაიცავით ,პირველ რიგში, თქვენივე თავი და თუ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ და ვირუსს იოლად დაამარცხებთ, იმათზე მაინც იფიქრეთ, ვინც თქვენი მიზეზით, თქვენდა უნებურად, დედაჩემის მსგავსად შეიძლება ამ ვერაგი ვირუსის მსხვერპლად აქციოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი