ახალი ამბები

თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება „ალმამ“ მოიპოვა

11 აგვისტო, 2021 • 1554
თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება „ალმამ“ მოიპოვა

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა.

11 აგვისტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა, საბოლოოდ კი 15- წლიანი უფლება ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა.

ეს თანხა, კალაძის თანახმად, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს კომპანიისგან.

შპს ალმა, რომელიც 2013 წლამდე „ალმა პლუსის“ სახელით იყო ცნობილი, საქართველოში გარე რეკლამის ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. მისი დირექტორია გიორგი ტრაპაიძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta LTD, C88262.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, Meridian Malta-ს საბოლოო ბენეფიციარები, ანუ რეალური მფლობელები, ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ ფხაკაძე (50% წილი) არიან.

ორგანიზაციის ცნობითვე, „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

„ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20- წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც“, – წერს TI.

ამასთან, აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპსალმას“ აქტივები 131 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 11.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი – 7.9 მლნ ლარის.

მასალების გადაბეჭდვის წესი