ახალი ამბები

გახარიამ “ოცნებიდან” 3-4% წაიღო, ვიმუშავებთ, რომ ამომრჩევლები დავიბრუნოთ — პაპუაშვილი

11 აგვისტო, 2021 • 1764
გახარიამ “ოცნებიდან” 3-4% წაიღო, ვიმუშავებთ, რომ ამომრჩევლები დავიბრუნოთ — პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ექპსრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ “ოცნების” მხარდამჭერების 3-4% წაიღო. ამის შესახებ მან დღეს, 11 აგვისტოს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ გამოქვეყნებულ GORB-ის კვლევის კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს და მოლოდინი აქვთ, რომ წინა თვითმმართველობის არჩევნების მსგავს შედეგს მიიღებენ.

“ყველას გვესმის , რომ თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია და საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას პერსონალური ფაქტორებიც ახდენს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის ნათელი მაგალითია წინა თვითთმართველობის არჩევნები, რომელიც 2017 წელს ჩატარდა. მაშინ, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგი იყო 48%, ხოლო 1 წლისთავზე, ადგილოვბრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შედეგი გაიზარდა 56%-მდე. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთივე გზა იქნება 2021 წლის არჩევნებზეც[…]

ჩვენ ყველა ვხვდებით და ამ კვლევამაც დაადასტურა ჩვენი ანალიზი, დაახლოებით 3-4% არის, რომელიც “ქართული ოცნებიდან” დღეის მონაცემებით წაღებული აქვს გახარიას პარტიას და ჩვენ სწორედ ამაზე ვიმუშავებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“იმედის” მიერ გამოქვეყნებული GORBI-ის კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 46.8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი