პოლონეთის კოალიციური მთავრობა ჩამოშლის პირასაა.
პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ პრეზიდენტ ანჯეი დუდას სთხოვა, თანამდებობიდან გადააყენოს ვიცე-პრემიერი, რომელიც კოალიციაში შემავალ მცირე ზომის პარტიას წარმოადგენდა.
განვითარებული მოვლენები ემთხვევა კანონპროექტის განხილვას, რომელიც, კრიტიკოსების თანახმად, მიზნად ისახავს მთავრობისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის „დადუმებას“.
ვიცე-პრემიერი იაროსლავ გოვინი აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგება. მთავრობა აცხადებს, რომ გოვინის ქმედებებმა მისი „ნდობა შეარყია“.
გოვინის პარტიის, „თანხმობის“, დაპირისპირება ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა პრემიერ-მინისტრ მორავეცკის „კანონისა და სამართლის“ პარტიასთან, რომელიც წამყვანი ძალაა სამთავრობო კოალიციაში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უთანხმოების მიზეზი, მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტის გარდა, საგადასახადო პოლიტიკაა.
„პოლიტიკოს“ ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, მმართველი კოალიცია, რომელსაც „კანონისა და სამართლის“ პარტია უდგას სათავეში, მოახერხებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას იმ 13 დეპუტატის გარეშე, რომლებიც ფორმალურად იაროსლან გოვინის პარტიის წევრები არიან.
460-წევრიანი პარლამენტის ქვედა პალატაში მთავრობას ერთხმიანი უმრავლესობა აქვს, თუმცა შესაძლოა, მოახერხოს ძალაუფლების შენარჩუნება, თუკი გოვინის პარტიის რამდენიმე წევრი „კანონსა და სამართალს“ დაუჭერს მხარს, ან თუკი დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ეს ასე არ მოხდა, პოლონეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.