ახალი ამბები

ენდრიუ კუომომ, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, თანამდებობა დატოვა

10 აგვისტო, 2021 • 870
ენდრიუ კუომომ, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, თანამდებობა დატოვა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო, რომელსაც რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამ ნაბიჯისკენ კუომოს მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, თუმცა გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ პოსტის დატოვებას არ გეგმავდა.

ენდრიუ კუომო ბრალდებებს უარყოფს გადადგომის შემდეგაც  და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

აღნიშნულ საკითხზე შტატის მთავარმა პროკურორმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს რამდენიმე ქალმა გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

გამომძიებლებმა მოკვლევას 5 თვე მოანდომეს და 200-მდე ადამიანს ესაუბრნენ, მათ შორის – გუბერნატორის თანამშრომლებს, რომელთა შორის ის ქალებიც იყვნენ, ვინც კუომო შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მოხდა ათობით ათასი დოკუმენტის, მიმოწერისა და ფოტოსურათის შესწავლა.

“დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა არაერთი ქალი, რითაც დაარღვია ფედერალური და შტატის კანონი”, – თქვა შტატის მთავარმა პროკურორმა.

როგორც დაზარალებულები ჰყვებიან, კუომო მათ არასასურველად ეხებოდა, თანხმობის გარეშე კოცნიდა და სექსუალური შინაარსის უხამსი კომენტარებით მიმართავდა. ერთ-ერთი დაზარალებული ქალის თქმით კი, გუბერნატორმა ხელი მაისურის ქვეშ შეუყო, რათა მის მკერდს შეხებოდა. სხვები კი აცხადებენ, რომ გუბერნატორმა მათ ჰკითხა, ხომ არ სურდათ სექსი ასაკით უფროს კაცთან.

გარდა შევიწროებაზე ბრალდებებისა, კუომო ასევე დაადანაშაულეს მტრული და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი