ახალი ამბები

კლინიკა, სადაც დღეს ორსული ქალი გარდაიცვალა, საზოგადოებას მიმართავს

10 აგვისტო, 2021 • 4299
კლინიკა, სადაც დღეს ორსული ქალი გარდაიცვალა, საზოგადოებას მიმართავს

ქუთაისში მდებარე კლინიკა “ბომონდი”, სადაც დღეს ორსული ქალი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის:

“ქვეყანაში კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდან “კლინიკა ბომონდის” გუნდი ჩართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. საწყის ეტაპზე ვერაგი ვირუსი ჩვენთვისაც, ისე როგორც მთელ მსოფლიოსთვის, ერთგვარად უცხო იყო, თუმცა არცერთ ჩვენგანს არ გვიფიქრია სახლში წასვლასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმაზე.

თვეებია ვიბრძვით პანდემიის წინააღმდეგ. შევძელით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა გვქონდა მძიმე დღეებიც, როდესაც ვმარცხდებოდით სიკვდილთან ბრძოლაში” ,- აცხადებენ კლინიკაში.

განცხადების ავტორების თქმით, პერსონალი სრული დატვირთვით, დასვენების გარეშე მუშაობს და აღნიშნავენ, რომ მათი რესურსიც ამოწურვადია:

“არ გვიწუწუნია კლინიკაში გატარებულ მძიმე ღამეებზე, ხშირ შემთხვევაში -კვირების განმავლობაში უნახავ ოჯახის წევრებზე-მშობლებზე. არ გვიფიქრია დასვენებაზე, როდესაც ვხედავდით, რომ ჩვენ ვიყავით უამრავი ადამიანის ოჯახის იმედი და მათ იმედს ვერ გავუცრუებდით. სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის”, – ამბობენ კლინიკაში.

გავრცელებულ განცხადებაში კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას, დადგნენ მათ გვერდით, ჩაიტარონ ვაქცინაცია და შეასრულონ სპეციალისტების მითითებები:

“ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით, ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები.

Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ. ყველას გისურვებთ სიკეთეს და ჯანმრთელობას. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე”,- ნათქვამია მედიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისში კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი