ახალი ამბები | , , , ,

მდინარაძე: “ოცნების” შტაბებში აცრის მსურველებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან

10 აგვისტო, 2021 | | 691
მდინარაძე: “ოცნების” შტაბებში აცრის მსურველებს რეგისტრაციაში დაეხმარებიან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში აცრის მსურველ ადამიანებს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარებიან. ამის შესახებ დღეს, 10 აგვისტოს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებული და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.

მდინარაძის თქმით,  პანდემიის პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია.

ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ პანდემიის გამო არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება და “კოვიდუსაფრთხო” არჩევნენს ჩაატარებენ.

“ჩვენ, ალბათ, წელსაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით მასობრივი შეკრებები არ იქნება. რაც შეეხება წარდგენებს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ყოველგვარი რეგულაციის გარეშეც ყველა ვაკეთებდით, ანუ რეგულაციების გარეშეც ვიცავდით რეგულაციებს. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა იქნება პასუხისმგებლიანი”, – განაცხადა მდინარაძემ.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 54 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 455 846 შემთხვევა გამოვლინდა. 406 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 182 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 43 163 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი