ახალი ამბები

ისრაელის სურათი ცხადყოფს, რომ ვაქცინა მუშაობს

10 აგვისტო, 2021 • 2901
ისრაელის სურათი ცხადყოფს, რომ ვაქცინა მუშაობს

ვაქცინის ეფექტიანობისადმი სკეპტიკურად განწყობილთა და აცრის მოწინააღმდეგეთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ბოლო კვირების მანძილზე, ისრაელია, სადაც COVID-19-ის შემთხვევების, მათ შორის, მძიმე შემთხვევების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სრულად აცრილი მოქალაქეების შემთხვევაში ბევრად ნაკლებია მძიმე ავადობის რისკი. ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე კი სწორედ ვირუსის მძიმე ფორმებისა და სიკვდილიანობის პრევენციაა.

როგორც ისრაელში მოქმედი გამოცემა “Haaretz” სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ვირუსით ინფიცირებისას მძიმე სიმპტომების რისკი ასაკთან ერთად იზრდება როგორც აცრილი, ისე აუცრელი მოქალაქეების შემთხვევაში, თუმცა რიცხვები ნათელს ხდის, რომ აღნიშნული რისკი გაცილებით დრამატულად მზარდია აუცრელთა შორის.

წყარო: Haaretz. მონაცემები ეკუთვნის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს

წყარო: Haaretz. მონაცემები ეკუთვნის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს

მაგალითად, 8 აგვისტოსთვის სამინისტრომ COVID-19-ის 85.6 მძიმე შემთხვევა აღრიცხა 60+ ასაკობრივ კატეგორიაში, 100 000 მოსახლეზე, მაშინ, როცა სრულად აცრილთა შორის ეს მაჩვენებელი 16.3-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ მონაცემებით, ასაკოვანი აუცრელნი კოვიდის მძიმე შემთხვევის ხუთჯერ მეტი რისკის ქვეშ დგანან, ვიდრე ამავე ასაკის აცრილი მოქალაქეები.

60 წლამდე ასაკის მოქალაქეთა შემთხვევაში, მძიმე ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 1.4-ს შეადგენდა აუცრელთა შორის — 2.8-ჯერ მეტს, ვიდრე სრულად აცრილების შემთხვევაში.

“Haaretz” ასევე ამახვილებს ყურადღებას მონაცემებზე 60-დან 69 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სადაც, 8 აგვისტოს მდგომარეობით, აუცრელ მოქალაქეებს შორის მძიმე შემთხვევების რიცხვი 43.4-ს შეადგენდა 100 000 მოსახლეზე, სრულად აცრილებს შორის კი — 6.5-ს. 70-დან 79 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 65 და 16 იყო, 80-დან 89 წლამდე ჯგუფში კი — 227.8 და 33.1.

წყარო: Haaretz. მონაცემები ეკუთვნის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს

წყარო: Haaretz. მონაცემები ეკუთვნის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ივლისის ბოლოს გაავრცელა მონაცემები, რომელთა თანახმადაც, ქვეყანაში დელტა შტამის დომინირების ფონზე “ფაიზერის” ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდა მსუბუქი სიმპტომების მიმართ. თუმცა, გამოცემის თანახმად, მონაცემები შეიძლება შეიცვალოს საკვლევი ჯგუფის სიმცირიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, ამავე კვლევით, “ფაიზერი” 88%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს, 91%-ით კი — მძიმე ავადობის რისკს.

ისრაელმა ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 5.8 მილიონი მოქალაქე აცრა მინიმუმ 1 დოზით, 400 000-ზე მეტ ადამიანს კი მესამე დოზა — ე.წ. ბუსტერი — გაუკეთეს. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, აიცრან. ისინი კი, ვინც ვაქცინაციას უარყოფს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის სიტყვებით, საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავებს, გარშემომყოფებს და ისრაელის ყველა მოქალაქეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი