ფეისბუკზე მოქმედი ჯგუფი მედგიდი, სადაც მოქალაქეები ონლაინ იღებდნენ კონსულტციებს ექიმებისაგან, დაიბლოკა. ამის შესახებ მისი დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე წერს, რომელიც ამავდროულად ენმ-ის წევრია.
“მეგობრებო, ძალიან სამწუხარო მოცემულობა უნდა გაგაცნოთ – ჯგუფი მედგიდი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაბლოკილია”, – წერს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ჯგუფი აერთიანებდა 103 000 ადამიანს.
“ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი. მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები [არიან], რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი „მედგიდი“ რჩებოდათ, რომელიც, ფაქტობრივად, დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია”.
“ჩემთვის დაუჯერებელია, როგორ შეიძლება ადამიანების გარკვეული ჯგუფი მიზნად ისახავდეს ჯგუფის დისფუნქციას. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ბოროტი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებიც კეთილ საქმესაც კი ნებისმიერი გზით აფერხებენ. არ მინდა დავიჯერო, რომ ნებისმიერ დარგში ადამიანები პოლარიზებულები არიან.
იცოდეთ, რომ თუ რაიმე გზა არსებობს, რომელიც მედგიდის ფუნქციონირებას აღადგენს, ყველაფერს შევეცდებით”, – აცხადებს ჯაფარიძე.