ახალი ამბები

მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს, რეკომენდაციები მხოლოდ რეკომენდაციებისთვის არაა – ტიკარაძე

8 აგვისტო, 2021 • 4018
მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს, რეკომენდაციები მხოლოდ რეკომენდაციებისთვის არაა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე როგორც მოქალაქეებს, ისე მთავრობის წევრებს მიმართავს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო რეკომენდაციები, რეკომენდაციებისთვის არაა. ამის შესახებ მან დღეს, 8 აგვისტოს, მას შემდეგ ისაუბრა, რაც გუშინ  პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა.

“მე მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასევე მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს ეს რეკომენდაციები არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მე მზად ვარ, ჩვენი ექიმების გვერდით დავიკავო ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში. მე ძალიან მინდა ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელია, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვანია, თუმცა სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში ადამიანის გადარჩენა უპირველესია.

“მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილის და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ, დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარია თითოუელი ჩვენი გვერდში მდგომის გადარჩენა.

ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ. შეიძლება, ზედმეტად ემოციური ვიყავი, რაც მე არ მახასიათებს. ალბათ, ყველა აკვირდებით, რომ ეს წელიწადნახევარია, მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ მართლა ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება, მე ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე. ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული”, – განაცხადა ტიკარაძემ.


7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

ეს იმ ფონზე, როცა თავად ღარიბაშვილი, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას არაერთგზის მოუწოდებენ, გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ხალხმრავალ თავყრილობებში მონაწილეობისგან, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

ამასთან, მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ “გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი