საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული ბერია. აღნიშნული ფაქტი 6 აგვისტოს მოხდა და შსს-მ უკვე დააკავა 1 პირი.
საპატრიარქოს განცხადებით, ბრალდებული, რომლის შესახებაც ცნობა მიიღეს, არის წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე).
“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე).
იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.
ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ჰყავს 1 პირი, ინიციალებით ა.მ. ის 1986 წელს არის დაბადებული.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი”, — აღნიშნავს უწყება.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.