თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გაფიცვას წყვეტენ მას შემდეგ, რაც მერიისგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს: ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა აკაკი გვალიამ, რომელიც გაფიცული თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფთან ერთად მერიისა და “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვდა.
გვალიას განცხადებით, 7 აგვისტოს შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა, მიიღეს პირობა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები მომდევნო წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება, თუმცა არ დაკონკრეტებულა, იქნება თუ არა ეს 50%-იანი ზრდა: სწორედ ეს იყო გაფიცულთა 7-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი.
აკაკი გვალიას თქმით, დანარჩენი 6 პუნქტის საკითხი “ფაქტობრივად გადაწყვეტილია”.
“არამარტო [თბილსერვისის] ადმინისტრაციამ, არამედ მერიის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს პუნქტები შესრულდებოდა და პირველი იანვრიდან სახელფასო ნამატიც იქნებოდა.
ორ მხარეს შორის ის ინფორმაციული ვაკუუმი და კომუნიკაციის ნაკლებობა რაც იყო და ეს დაგროვილი პრობლემები, სამწუხაროდ, ამ ფორმით ითქვა. შეისმინა ადმინისტრაციამ, დაეთანხმა ამ ჩვენს ლოგიკურად დასმულ მოთხოვნებს, ჩამოვართვით ხელი და მივხედავთ აწი უკვე ქალაქს, რომელსაც ჩვენი იმედი აქვს.
ხელფასების მატება პირველი იანვრიდან იქნება, დანარჩენ [მოთხოვნებზე კი] მაქსიმუმ 10-15 დღეში დაიდება დოკუმენტი, შეიძლება, უფრო მალეც, როგორც ადმინისტრაციის მხრიდან, ისე პროფკავშირების მხრიდან ხელმოწერილი…” — აღნიშნავს აკაკი გვალია.
კითხვას, ითქვა თუ არა შეხვედრაზე, რამდენი პროცენტით გაიზრდება დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები, პროფკავშირების წარმომადგენელმა ასე უპასუხა:
“რა და როგორ იქნება, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით და მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომელიც ორივე მხარისთვის ოპტიმალური იქნება.
ციფრი ცნობილი არ არის, რადგან აქ ძალიან ბევრი თანამშრომელია, ამას დაანგარიშება და ბიუჯეტიდან თანხის მოზიდვა უნდა, რამეთუ ეს რამდენიმე მილიონს აღემატება, კოლოსალური თანხაა და 1 დღეში და 1 კვირაში ვერ გადაწყდებოდა. ტექნიკურად გასავლელია ეს საკითხი და ამაზეც მზაობა არის. თუმცა, პირველი იანვრიდან რომ იქნება, ეს ყველამ იცის”.
აკაკი გვალიას თქმით, მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.
რას ითხოვდნენ გაფიცულები?
დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი 6 აგვისტოს გაიფიცა. ისინი საუბრობდნენ მძიმე შრომით პირობებზე და მცირე ანაზღაურებაზე. დასაქმებულები ხელფასების მომატებამდე უარს ამბობდნენ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაზე.
მოთხოვნები ასე გამოიყურებოდა:
- ხელფასის 50%-იანი მატება;
- ხელშეუხებლობა [იგულისხმება მოთხოვნა, პროტესტის მედიასთან საჯაროდ გამოხატვის შემდეგ არ გაათავისუფლონ];
- ძველ გრაფიკზე დაბრუნება;
- სამუშაო ფორმის შეცვლა;
- უფასო დაზღვევა;
- ტრანსპორტის განახლება;
- კუთვნილი შვებულებით სრულად სარგებლობა.
როგორც „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, 6 აგვისტოს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამუშაო გრაფიკი ძველ რეჟიმს დაუბრუნდება. თუმცა ხელფასების საკითხი ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩებოდა.
დასაქმებულების თანახმად, ნაგვის ურნების დამცლელი მუშების ყოველთვიური ანაზღაურება არის 760 ლარი, ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა – 860. დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ.
მერიამ გუშინ თქვა, რომ მისთვის გაფიცვა მოულოდნელი იყო, თუმცა, მათ ნაწილთან შეთანხმების მიღწევა შეძლეს, მოლაპარაკებები კი ისევ გრძელდებოდა.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა დამსაქმებელია შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს, კერძოდ კი, თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. „თბილსერვის ჯგუფი“ არის კომპანია, რომელსაც თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე, სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და ა.შ.
კალაძის პასუხი პროტესტს
“გაფიცვის მცდელობა იყო”; “ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია”; “არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან” — ამ გზავნილებით გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა ნაწილის პროტესტს.
კალაძე 7 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, დასუფთავების სამსახურის უნიფორმით ფეისბუქ ლაივში ჩაერთო, გაფიცულთა მოთხოვნებზე ისაუბრა, თქვა, რომ პროტესტის მონაწილეებს “პროვოკატორები აბუნტებდნენ” და გაახმიანა ბრალდება, რომლის თანახმადაც სამსახურში დაბრუნებულ თანამშრომლებს “აბულინგებდნენ”.
თბილისის მერის განცხადებით, სამწუხაროა, რომ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა გადაწყვიტა, ვინაიდან მერიასა და მათ შორის არ ყოფილა “ისეთი ურთიერთობა”, რომ საუბარი და მოსაზრებების გაცვლა შეუძლებელი ყოფილიყო.
“გახარებული ადამიანები, რომლებიც ვიდეოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ნაგვის ურნებთან… ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით.
უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“ — განაცხადა მან.
კალაძის მტკიცებით, არასდროს უთქვამს, რომ “თბილსერვისის” თანამშრომელთა მუშაობით უკმაყოფილოა.
“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მხრიდან, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში”.
“დაგეგმილი პროვოკაცია”, “სელფებს იღებდნენ დაბინძურებულ ურნებთან” — კალაძის პასუხი გაფიცვას