ახალი ამბებიხელოვნება

მწერალთა ნაწილის თქმით, წულუკიანისთვის მიმართვის წერილი მათთან არ შეთანხმებულა

6 აგვისტო, 2021 • 9198
მწერალთა ნაწილის თქმით, წულუკიანისთვის მიმართვის წერილი მათთან არ შეთანხმებულა

“მწერალთა სახლის” საწინააღმდეგო ღია წერილს, რომლითაც თეა წულუკიანს მიმართეს და შეურაცხმყოფელი ლექსიკით გამოირჩევა, მწერალთა ნაწილი ემიჯნება. იმ პირთა ნაწილი, რომელიც ღია წერილის ხელმომწერად არის დასახელებული, ტექსტთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ წერილის არებობის შესახებ მისი გამოქვეყნების შემდეგ შეიტყვეს.

განცხადება “მწერალთა აკადემიის” სახელითაა გავრცელებული და მასში “მწერალთა სახლში” მომუშავე პირები სააკაშვილის შეგირდებად არიან მოხსენიებულნი, თავად ორგანიზაციას კი “ბორდელს” უწოდებენ.

წერილის ერთ-ერთი “ხელმომწერი’ ელდინო საღარაძე აცხადებს, რომ ამ ტექსტის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც გამოქვეყნდა. მის შინაარსსა და პათოსს კი ემიჯნება და აღნიშნულის გამო “მწერალთა აკადემიას” ტოვებს:

“დილიდან არ წყდება ზარი ჩემს ტელეფონზე. მირეკავენ შეშფოთებული მეგობრები, აინტერესებთ, რამ მიმაღებინა მონაწილეობა ჩემთვის ამ სრულიად შეუფერებელ საქმეში, რასაც ქ. თეა წულუკიანის მიმართ მწერალთა აკადემიის მიმართვა ჰქვია.

მე კი მხოლოდ მათგან გავიგე ამ მიმართვის შესახებ. განსაკუთრებული წუხილი ამ ფაქტის გამო ბატონმა ლერი ალიმონაკმა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთმა ვითომ ხელისმომწერმა ამ მიმართვაზე. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წავიკითხე წერილი. გაოგნებული ვარ. კობა არაბულის ნიჭიერებისა და პატრიოტობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ამას არც ნიჭიერება ჰქვია და არც პატრიოტობა.

სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე! შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა” ,- ამბობს ელდინო საღარაძე.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე ლერი ალიმონაკსაც ესაუბრა. ალიმონაკის თქმით, წერილზე ხელი არც მას მოუწერია და მის შინაარსს არც ის იზიარებს:

“არც დაურეკავთ ჩემთვის, ვაწერთ თქვენს მაგივრად ხელსო. შინაარსსაც არ ვიცნობ. მე ამ პათოსს ვემიჯნები. საოცრად წინააღმდეგი ვარ ასეთი პათოსის”, – ამბობს ალიმონაკი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კიდევ ერთი პირი, რომელიც წერილის ხელმომწერად ფიქსირდება, თუმცა აცხადებს, რომ ტექსტს არც ის გასცნობია, თემურ შავლაძეა. შავლაძის თქმით, მომხდარის შესახებ მანაც მხოლოდ წერილის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო. აღნიშნულის გამო როგორც შავლაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, დღეს “მწერალთა აკადემიაც” დატოვა:

“ეს წერილი ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა, არც დაურეკავთ ჩემთვის. მე ვარ მწერალთა ეროვნული აკადემიის წევრი. წუხელ შემატყობინეს და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. ძალიან ცუდია, როცა თანხმობის გარეშე ასეთ რამეს აკეთებენ. ასეთი პრეცედენტები მწერლობაში ხდება, მაგრამ ვერ მოეშვნენ ამ კომუნისტურ იდეოლოგიურ ტრადიციას და ასეთი რამ გაიმეორეს”, – ამბობს შავლაძე “ნეტგაზეთთან”.

წერილი შეთანხმებული არ ყოფილა არც ჯუმბერ გოგრიჩიანთან (ჯუბა ღებელი), რომლის გვარიც ტექსტის ბოლოს ასევე ფიქსირდება ერთ-ერთ ხელმომწერად. მისი თქმით, ემიჯნება სიძულვილის ენას და ყოველგვარ დაპირისპირებას, თუმცა აღნიშნავს, რომ წერილში წარმოჭრილი საკითხები პრობლემატურია:

“მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ არაფერი ვიცოდი და ბოლო ჟამის საქართველოში სიძულვილის ენით საუბარს თუ ყოველგვარ დაპირისპირებას ვემიჯნები, მაინც უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამე არაა დალაგებული ამ დარგში და რომ წერილში წამოჭრილი საკითხები პრობლემატურია” – წერს ჯუბა ღებელი.

“ნეტგაზეთი” ასევე ესაუბრა მწერალ ზაურ კალანდიას, რომელმაც სტატიაში დასახელებული სხვა პირების მსგავსად წერილთან კავშირი უარყო. კალანდიამ გვითხრა, რომ მას არც მონაწილეობა მიუღია წერილის შედგენაში და არც იცის, თუ ვინ შეადგინა ტექსტი. შესაბამისად, ზაურ კალანდიას თქმით, აღნიშნული ღია წერილისთვის ხელი არც მას მოუწერია.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა პოეტ კობა არაბულს, რომელიც მწერალთა აკადემიის პრეზიდენტი და სხვებთან ერთად წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორია. ის უარყოფს ინფორმაციას, რომ მწერლები ზემოხსენებული წერილის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ და დასძენს, რომ მის შინაარსს “ძირითადად ყველა იცნობდა”.

“ყველამ იცოდა ერთმანეთს ურეკავდნენ და თუ რომელიმეს დააკლდა ხმის მიწვდენა, არ ვიცი, შესაძლოა ეგეთი რამეც მოხდა, მაგრამ ძირითადად ყველამ იცოდა”, – ამბობს კობა არაბული და დასძენს, რომ ასევე მისი პოზიციაა, რომ ადამიანებმა ვინც საკუთარ ხელმოწერას წერილზე უარყოფეენ, მწერალთა აკადემია უნდა დატოვონ.

“ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკვაშირდეს წერილში ხელმომწერებად დასახელებულ სხვა პირებსაც. სტატია დროდადრო განახლდება.

განახლება 16:20 – “მწერალთა აკადემიის” წერილს ტარიელ ხარხელაურიც ემიჯნება

“მწერალთა აკადემიის” წერილს ტარიელ ხარხელაურიც ემიჯნება

მასალების გადაბეჭდვის წესი