ახალი ამბები

“მთავარი არხის” ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოჰპარეს

6 აგვისტო, 2021 • 2510
“მთავარი არხის” ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოჰპარეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს გორში მიკროფონი მოჰპარეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტს მიკროფონი მაშინ მოჰპარეს, როდესაც გიორგი ახალკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. შემთხვევა “ნაციონალური მოძრაობის ოფისთან” მოხდა.

“ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება ადეკვატურად მოქმედებს, გამოძიება დაწყებულია ქურდობის მუხლით და იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები დაადგენენ, რა ვითარებაში გაუჩინარდა “მთავარი არხის” კუთვნილი აპარატურა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების შემოწმება”, – განაცხადა ახალკაცმა გუშინ “მთავარ არხთან” საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

22 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წაართვა მიკროფონი, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

ინციდენტი სენაკის თეატრში მოხდა, სადაც წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა.

“მოგესალმებით. მე მინდა ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერი “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონო ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, აბა, მოდი, თქვი: ბიძინას გაუმარ… “, — მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

“არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”, — დაწერა მოგვიანებით წულუკიანმა “ფეისბუქზე” და “მთავარი არხის” მიკროფონით საკუთარ ფოტო გამოაქვეყნა.

გარეკანის ფოტო: FB/გიორგი ახალკაცი

ამავე თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი