ახალი ამბები

“ევსაქებმა” ვაქცინაციის კამპანია დაიწყეს, აამოქმედეს ცხელი ხაზი

5 აგვისტო, 2021 • 1057
“ევსაქებმა” ვაქცინაციის კამპანია დაიწყეს, აამოქმედეს ცხელი ხაზი

“ევროპულმა საქართველომ” ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. პარტიის განცხადებით, პროცესის მიზანია როგორც მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა აცრაზე რეგისტრაციის პროცესში, ისე მათი ინფორმირება ვაქცინაციის აუცილებლობაზე.

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ თავისი მოვალეობა არ შეასრულა “როგორც ვაქცინის დროულად შემოტანის, ისე ამ ამბის მოქალაქეებამდე მიტანის თვალსაზრისით”.

“ევროპული საქართველო” ამბობს, რომ 5 აგვისტოდან ამოქმედდა ცხელი ხაზი — 0322-800-222 — რომელიც 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს და მოქალაქეებს რეგისტრაციაში დაეხმარება.

ბოკერია ხაზს უსვამს, რომ კამპანია მხოლოდ ცხელი ხაზით არ შემოიფარგლება.

“ჩვენ ვიწყებთ ახლა კამპანიას ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, ჩვენი მასშტაბით, ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით, რათა ჩვენ გარშემო ყველა მოქალაქეს ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, რომ ის მითები, კონტრკამპანია, არის სრული სიცრუე”.

” “ევროპულ საქართველოს” არ გვაქვს ილუზია, რომ სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, მთლიანად მის ჩანაცვლებას ვინმე შეძლებს. მაგრამ მე ვთვლი და ჩვენ ვთვლით, რომ ყველა აქტიური მოქალაქის, საზოგადოების აქტიური ნაწილის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო ჯგუფების ვალია, რითაც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ უმძიმესი ვითარებისას იმ საქმეში, რომ მოქალაქეებმა მეტი იცოდნენ და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ”, — დასძენს ის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში  564 691 აცრაა ჩატარებული. 178 077 ადამიანი სრულად არის აცრილი.

24 საათში ქვეყნის მასშტაბით 20 850 აცრა ჩატარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი