ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულ ძალადობის მსხვერპლს ექსპერტიზაზე უარი უთხრეს – საფარი

5 აგვისტო, 2021 • 1235
კოვიდინფიცირებულ ძალადობის მსხვერპლს ექსპერტიზაზე უარი უთხრეს – საფარი

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლ კოვიდინფიცირებულ ქალს ექსპერტიზაზე უარს ეუბნებიან.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ამასთან დაკავშირებით პროტოკოლი უბრალოდ არ აქვთ. პარალელურად კი, 14 დღეში ქალის სხეულზე არსებული დაზიანებები უბრალოდ გაქრება.

როგორც ნეტგაზეთს „საფარის“ იურისტმა, ელისო რუხაძემ უთხრა, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ქალთან მისი ყოფილი ქმარი მივიდა, ჩაკეტა სახლში და ღამის განმავლობაში ძალადობდა. საბოლოოდ ქალმა პოლიციასა და ორგანიზაცია „საფარში“ დარეკვა მოახერხა.

„ქალი ამბობდა, რომ კოვიდი დაუსტურდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გავუწიეთ კონსულტაცია და დავაკვალიანე, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროში უნდა დაერეკა.

შსს-მ თავდაპირველად უარი უთხრა ელექტრონულ სამაჯურზე, თუმცა შემდგომ დათანხმდა.. ღამის 1 საათამდე არ გამოჩნდნენ გამომძიებლებთან ერთად, ქალმა კიდევ ერთხელ გვთხოვა დახმარება და უკვე ამის შემდეგ სოციალურ ქსელშიც დავწერეთ“, – იხსენებს ელისო რუხაძე.

ის ამბობს, ამ ეტაპისთვის მათი ჩართულობის შემდეგ უკვე მოგვარებულია ის საკითხები, რაც გუშინ მოუგვარებელი ჩანდა – კერძოდ, დაწყებულია გამოძიება, კაცს კი ელექტრონული მეთვალყურეობის სამაჯური გაუკეთეს. თავად ქალი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი.

„თავდაპირველად პოლიცია ყოყმანობდა კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებაზე – საუბარია ელექტორნულ სამაჯურზე, ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე და ა.შ. ანუ ის ქმედებები, რაც ტარდება გამოძიების დროს. მას უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო ვერ წაიყვანდნენ ექსპერტიზაზე.

ქალს აქვს დაზიანებები, სილურჯეები, სიგარეტისგან ნამწვავები და სხვა დაზიანებები.. ქალს თავი არტყმევინეს უნიტაზზე. ამ ყველაფერს სჭირდება სპეციალური შეფასება და, შესაბამისად, ექსპერტი. ექსპერტიზა კი 13 რიცხვამდე – ანუ იმ პერიოდამდე, სანამ ქალი კოვიდსასტუმროში იქნება, არ ჩატარდება. 13 რიცხვისთვის კი ეს დაზიანებები უბრალოდ აღარ იქნება“, – აცხადებს იურისტი.

ელისო რუხაძე ამბობს, რომ კაცსა და ქალს საერთო შვილი ჰყავთ, რომლის სანახავადაც კაცი ყოფილ ცოლთან დადიოდა. თუმცა, ქალის თქმით, მასზე მანამდეც ძალადობდა – „იყო ფსიქოლოგიური ძალადობა ფეხძიმობის დროს და ფიზიკური – ბავშვის გაჩენის შემდეგ.“

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ამასთანავე, უწყების თქმითვე, გამოიწერა შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული სამაჯური. 

ნეტგაზეთმა კითხვით ასევე მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ჩვენ მათ ვკითხეთ, რა პროტოკოლი არსებობს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ძალადობის მსხვერპლი კოვიდინფიცირებულია და მას ექსპერტიზა სჭირდება. ბიუროსგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი