ახალი ამბებირეკლამა

ლიტერატურული და კინოკამპუსები სტუდენტებისთვის – თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

5 აგვისტო, 2021 • 629
ლიტერატურული და კინოკამპუსები სტუდენტებისთვის – თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

6-19 აგვისტოს, „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თელავში, კერძოდ, სოფელ ართანაში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს ორი კამპუსი მოეწყობა.

კამპუსებში მონაწილეობას მიიღებს სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული, თბილისის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლების 80 სტუდენტი, სალექციო კურსს კი ცნობილი მწერლები და რეჟისორები წაიკითხავენ.

კამპუსის მონაწილეებისთვის დღეში ორ-ორი ლექცია გაიმართება.

ლიტერატურისა და კინოს თემაზე მათთან შეხვედრებს გამართავენ მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ერეკლე დეისაძე და ტორესა მოსი; რეჟისორები: უტა ბერია, პაატა ციკოლია და კინომცოდნეები ნენო ქავთარაძე და დათო ლობჟანიძე. საუბრის თემები თანამედროვე და კლასიკურ ხელოვნებას შეეხება.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მეტი გაიგონ თანამედროვე პროცესებზე ლიტერატურასა და კინოხელოვნებაში, ჩაერთვებიან დებატებში, გამოიმუშავებენ გუნდურად მუშაობის უნარებს, ერთად ნახავენ ფილმებს და ჩვენებების შემდეგ ძირითად სათქმელს განიხილავენ.

„თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების მენეჯერი, თამარ თოფურიძე გვიყვება, როგორ შეირჩნენ სტუდენტები კამპუსებისთვის:

„ბევრი სტუდენტი შეირჩა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თბილისიდან, მუნიციპალიტეტებიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. გვყავს სტუდენტი, რომელიც მშობლებთან ერთად გალში ცხოვრობს. გარდა სტანდარტული გასაუბრებისა, გვიყვებოდა თავისი ოჯახის ცხოვრებაზე გალში, იქაურ  ვითარებაზე, რაც ძალიან ემოციური იყო.

შერჩეულ სტუდენტებს შორის არიან დევნილები 2008 წლის ომიდან, რომლებიც  დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ. ასევე, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები.

კონკურსის წესების თანახმად, კამპუსში შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მიღების საშუალება 18-დან 23 წლამდე სტუდენტებს ჰქონდა. თითო კამპუსში 40 სტუდენტი იქნება“ – ამბობს თამარ თოფურიძე.

„თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ძირითადი მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში; მწერლების, ლიტერატორების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ხელშეწყობა კონკრეტული პროექტებით.

ართანის სასტუმროში გამგზავრებამდე კამპუსის მონაწილე სტუდენტები და ლექტორები, PCR ტესტირებას ჩაიტარებენ. სასტუმროში მობილიზებული იქნება მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის. ერთ ნომერში არ იცხოვრებს 4 ადამიანზე მეტი.

სტუდენტების ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და სხვადასხვა აქტივობების ხარჯებს ფარავს პროექტი „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.


„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი