ახალი ამბები

ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

4 აგვისტო, 2021 • 1676
ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომალური სტილით ჭიდაობის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დათუნაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ხორვატი სპორტსმენი ივან ჰუკლეკი დაამარცხა და სერბეთის დელეგაციას ბინჯაოს მედალი მოაპოვებინა. მანამდე დათუნაშვილი მომავალ ჩემპიონ უკრაინელ ჟან ბელენიუკთან დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ამიტომ ვეღარ გააგრძელა ბრძოლა.


საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.

ზურაბ დათუნაშვილი იძულებული გახდა, საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. მას გეგეშიძემ სახის არეში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდოაბას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი