ახალი ამბები

პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს სიტყვას პატივს – ზურაბიშვილი

3 აგვისტო, 2021 • 1774
პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს სიტყვას პატივს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმასთვის, რომ  საქართველომ უცხოეთის პატივისცემა დაიმსახუროს, ქართველები საკუთარ სიტყვას პატივს უნდა სცმედნენ. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია და “მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება… და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია”.

“პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა.

ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს და დღეს არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენი, განვითარების საფუძველი და დეოკუპაციისაკენ უალტერნატივო გზაა.

“რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ… ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას.

ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე –  რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

მას შემდეგ, რაც 28 ივლისს მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

გუშინ, 2 აგვისტოს, კი სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ნაწილთან გამართა. როგორც გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველი პარტია არათუ 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდება, არამედ მსგავსი ტიპის შეთანხმებას არც მომავალში მოაწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი