ახალი ამბები

ექთანი აცრის გამო არ დაღუპულა – ვრცელდება ცრუ ინფორმაცია

4 აგვისტო, 2021 • 8419
ექთანი აცრის გამო არ დაღუპულა – ვრცელდება ცრუ ინფორმაცია

ლაგოდეხის კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ კლინიკაში ექთნის „აცრის გამო გარდაცვალების“ შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

3 აგვისტოს ფეისბუკზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლაგოდეხში კლინიკა „არქიმედეს“ ექთანი, ნანა ხაჩიშვილი, „აცრით გარდაიცვალა“.

ჯანდაცვის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ეს „ცრუ ინფორმაციაა“ და მისი გარდაცვალება ვაქცინაციასთან კავშირში არ არის.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ის კოვიდ-19-ის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე აიცრა პირველი დოზით [საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე, StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანს ორგანიზმს სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომელიც შემდგომში იცავს ინფიცირებისგან. ადამიანი სრულყოფილად არაა დაცული, სანამ არ გავა 1-2 კვირა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ].

კლინიკა „არქიმედეს“ მენეჯერმა, ნუკრი კარალაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ექთანი კოვიდის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

„ფაქტი ის არის, რომ მას ჰქონდა კოვიდი. ვმკურნალობდით, თავიდან თითქოს ნორმალურად იყო, მაგრამ დადასტურებიდან 3 დღეში მისი მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა“, 3 აგვისტოს კი გარდაიცვალა.

„[ის თითქოს აცრის გამო გარდაიცვალა], არის დეზინფორმაცია. ხალხს ნუ ვაგდებთ პანიკაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ცუდად აისახება ეს. ჩემი თხოვნაა, გადასცეთ მოსახლეობას, აიცრას. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ხალხი კლინიკაში რომ ხვდება, მერე ხვდება, მერე რეკავენ ნათესავებთან, დაიჯერეთ, გაიგეთ და თავს მიხედეთო“, – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისი თქმითვე, ცნობები ექთნის ანაფილაქსიურ შოკთან და აცრის გამო გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია.

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 38 კოვიდინფიცირებული ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 2021 წელს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი