ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან

3 აგვისტო, 2021 • 948
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან

დღეს, 3 აგვსიტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. პოლიტიკოსები შეხვედრას ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის თანაშემწესთან მართავენ, რომელიც ამ დროისთვის ელჩის მოვალეობას ასრულებს, ვინაიდან ჰარცელი შვებულებაში იმყოფება.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში უკვე იმყოფებოდნენ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”  ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი , “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

შეხვედრა “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე იმართება. გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გაუმეორეს, რომ მათთვის შეთანხმება ძალაშია.

“დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს და აქ საუბარია იმაზე, თუ რა კონკრეტული ქმედებები და როდის უნდა გადადგას დასავლეთმა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნებიდან“ უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის[…] მომხრე ვარ სანქციების, კონკრეტული ქმედებების, იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ასე არღვევენ კონკრეტულ შეთანხმებას”, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში მისულმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეთანხმება ძალაშია და “ქართული ოცნების” დემარში არ ნიშნავს, რომ ის აღებული ვალდებულებებისგან გათავისუფლდა.

“ამიტომ ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას და მოდერატორები ვრჩებით ერთგულები ამ შეთანხმების. “ქართული ოცნება” მისი ხრიკებით ვერ გამოძვრება იმ ვალდებულებისგან, რომელიც აიღო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე[…] თუ “ქართული ოცნების” მესვეურები ასე გააგრძელებენ ქმედებებს, მათი პერსონალური პასუხისმგებლობა გარდაუვალია”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – „ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი