პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონიერად უსმენს მოქალაქეებს.
„სუსი, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს“, – განუცხადა 3 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას.
გვარამიას თანახმად, აღნიშნული ჩანაწერებიდან (როგორც თავად უწოდა – კრებსებიდან), რომლებიც 2020 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ სუსი, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას ამ ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, შესახებ.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის მორიგი შეთქმულება და მორიგი პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ“, რაზეც „სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“.
კითხვაზე, რას იტყვის იმ მაგალითებზე, როდესაც ცალკეული პირები ადასტურებენ ჩანაწერების შინაარსს, მაგალითად „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არ არის საინტერესო“.
ვრცლად ამ თემაზე:
„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“