ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სრულიად მოწყვეტილი რეალობას” | სოხუმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე

3 აგვისტო, 2021 • 1678
“სრულიად მოწყვეტილი რეალობას” | სოხუმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე

“სრულიად მოწყვეტილი რეალობას” – ასე უწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა გუშინ, 2 აგვიტოს ერთხმად მიიღეს.

“საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, წარმოაჩინონ აფხაზურ-ქართული კონფლიქტი როგორც “რუსულ-ქართული”, არ აქვს არანაირი გამართლება და თავისი არსით პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, საკუთარი დანაშაულებებისგან გაქცევა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, დე ფაქტოს საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო შუამავლებს მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები 1992–1993 და 2008 წლებში დანაშაულად აღიაროს და ხელი შეუწყოს აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერას.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გმობს “რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში”.

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ნომერ პირველი პრიორიტეტი | რეზოლუცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი