ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ნომერ პირველი პრიორიტეტი | რეზოლუცია

2 აგვისტო, 2021 •
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ნომერ პირველი პრიორიტეტი | რეზოლუცია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია. ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია, მეათე მოწვევის პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტია.

“რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია”, – წერია რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუცია გმობს “რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში”.

„ასევე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიის კონკრეტული დასახლებული პუნქტის – გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას ანექსიასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში ეს საკითხიც ყოფილიყო ასახული“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი