ნეტგაზეთი | თებერვალთან შედარებით საქართველოში ანტივაქსერების რიცხვი გაიზარდა – IRI-ს კვლევა თებერვალთან შედარებით საქართველოში ანტივაქსერების რიცხვი გაიზარდა – IRI-ს კვლევა – Netgazeti
Batumelebi | RU

თებერვალთან შედარებით საქართველოში ანტივაქსერების რიცხვი გაიზარდა – IRI-ს კვლევა

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ხელისუფლების მიერ Covid 19-ის მართვით კმაყოფილია, 37% კი- უკმაყოფილო.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ ვაქცინით აიცრება, როგორც კი ვაქცინა მისთვის ხელმისაწვდომი იქნება, 19% კი ამბობს, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აიცრება. ანუ ჯამურად გამოდის, რომ ვაქცინაციაზე თანახმობას 38% აცხადებს. გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთვევაში აიცრება, თუ ვაქცინაცია კანონით სავალდებულო გახდება ან ამას დამსაქმებელი მოსთხოვს. გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ ვაქცინით არ აიცრება, 7% კი არ პასუხობს ან პასუხი არ აქვს.

ეს შედეგები განსხვავდება ამავე წლის თებერვალში ჩატარებული კვლევისგან. თებერვალში ნებაყოფლობით ვაქცინაციაზე თანხმობას 44% (ივნისში 38%) აცხადებდა, ხოლო წინააღმდეგი 39 (ივნისში 45%) პროცენტი იყო.

ამასთან, გამოკითხულთა 25%-ს ყველაზე სანდო ვაქცინად “ფაიზერი” მიაჩნია, 8%-ს – “სინოფარმი”, 7%-ს – “ასტრაზენეკა”, 4%-ს – “სინოვაკი” და 1%-ს – “მოდერნა”. გამოკითხულთა 28% სანდოდ არცერთ ვაქცინას მიიჩნევს, ხოლო 27% არ პასუხობს ან არ იცის.


აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი