სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “მთავარ არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და “მთავარ აქცენტებში” გახმიანებულ ინფორმაციას, რომელიც სუს-ის მიერ შესაძლო თვალთვალსა და მიყურადებას ეხება, სიცრუეს უწოდებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ:
“საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.
სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით და ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია:
“სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გუშინ, პირველ აგვისტოს, “მთავარი არხის” დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუსი ფარულად და უკანონოდ უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს და მათი პირადი ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს აგროვებს. გვარამიას თქმით, ამის შესახებ სუსიდან მოპოვებული ინფორმაცია აქვს, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.