ახალი ამბები

“ჩემს შემთხვევაში ტყუილია და სხვაგან თუ მართალია, არ ვიცი” – ჯაფარიძე სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე

2 აგვისტო, 2021 • 1769
“ჩემს შემთხვევაში ტყუილია და სხვაგან თუ მართალია, არ ვიცი” – ჯაფარიძე სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე

“ქართული ოცნების” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ  არ სჯერა ”მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს და უსმენს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე, თავად მმართველი გუნდის წევრებს, რომელთა შორისაც გვარამიამ ჯაფარიძეც დაასახელა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, დარწმუნებულია, რომ მას არ უსმენენ.

“ნიკა გვარამია როდესმე სიმართლეს ლაპარაკობს? ტყუილებს ლაპარაკობს. არ მაქვს ეგ განცდა, რომ მისმენენ. ნიკა გვარამია როცა იყო პროკურორი, მაშინ მისმენდნენ, დამდევდნენ, ქონებას მართმევდნენ და ა.შ. […]დარწმუნებული ვარ, რომ არ მისმენენ, იმიტომ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, გიორგი მშვენიერაძის და გიორგი ონიანის საუბარს შეეხებოდა, რომლის არსებობასაც აღნიშნული პირებიც ადასტურებენ, დოლიძე ამბობს:

“მე არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა. ჩემს შემთხვევაზე გეუბნებით, რომ ტყუილია. მე არ მჯერა იმისი, რაც გაცხადდა და გაჟღერდა. ჩემს შემთხვევაში ტყუილია და სხვაგან თუ მართალია, არ ვიცი”, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

გუშინ, პირველ აგვისტოს, “მთავარი არხის” დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუსი ფარულად და უკანონოდ უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს და მათი პირადი ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს აგროვებს. გვარამიას თქმით, ამის შესახებ სუსიდან მოპოვებული ინფორმაცია აქვს, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

გვარამიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი უმრავლესობის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და ერთ-ერთი ჟურნალისტის საუბრის შესახებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი