ახალი ამბები

ოპოზიციის სელექცია ამერიკულად

5 ივლისი, 2010 • • 1012
ოპოზიციის სელექცია ამერიკულად

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში პირისპირ მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა.  საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების შესახებ გადაწყვეტილება საელჩომ მიიღო.

საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვედრები იმ ოპოზიციურ პარტიებთან დაუგეგმეს, რომლებმაც არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს.

ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე ჰილარი კლინტონს თითო თანაპარტიელთან ერთად შეხვდნენ. 15– წუთიანი შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ასეთი სახის შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან ჰქონდა.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი , შალვა ბიბილაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ საელჩომ შეხვედრების დაგეგმისთვის ერთი კრიტერიუმი შეარჩია – არჩევნები:

”რადგან საქართველოში არჩევნებს დემოკრატიული რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილავენ,  შეხვედრები იმის მიხედვით დაიგეგმა, თუ ვინ მიიღო ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა”.

შალვა ბიბილაშვილი ამბობს, რომ პირისპირ შეხვედრებისთვის თვითთმმართველობის არჩევნებში მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების ლიდერები შეირჩნენ.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშნიძერს მიაჩნია, რომ არჩევანი კონსტრუქციულ პარტიებზე შეჩერდა:

”ესენია ორი კონსტრუქციული ოპოზიციური პარტია. ისინი, ვინც არ გაჰყვირიან, რომ დემოკრატიაა, ყოველგვარი გზებით დაამხო ხელისუფლება. ამით ამერიკელებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ.”

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ქალი ლიდერები დაესწრნენ  აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას ეროვნულ  ბიბლიოთეკაშიც. სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო  ჰილარი კლინტონის ვიზიტი თბილისში.  შეხვედრაზე მიწვეული 140 ქალი  არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას  და პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენდა. საელჩოს ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე მიიწვიეს ნინო ბურჯანაძეც, თუმცა ის შეხვედრას არ დასწრებია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი