ახალი ამბები

ნ.გ.-ს ზღაპრები და ფანტაზიის ნაყოფია – კობახიძე სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე

2 აგვისტო, 2021 •
ნ.გ.-ს ზღაპრები და ფანტაზიის ნაყოფია – კობახიძე სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ზღაპრებია” ”მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე, თავად მმართველი გუნდის წევრებს.

კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ სუსი მას არ უსმენს

“ნ.გ-ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი. როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, პირველ აგვისტოს, “მთავარი არხის” დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუსი ფარულად და უკანონოდ უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს და მათი პირადი ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს აგროვებს. გვარამიას თქმით, ამის შესახებ სუსიდან მოპოვებული ინფორმაცია აქვს, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

გვარამიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, გიორგი მშვენიერაძის და გიორგი ონიანის საუბარს შეეხებოდა. მათ აღნიშნული საუბარი არსებობა დაადასტურეს. თუმცა კობახიძე ამბობს, რომ გიორგი მშვენიერაძის დადასტურებას “ფასი არ აქვს”.

„მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის საზოგადოებაში, ამას ფასი არ აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია სავარაუდო უკანონო თვალთვალის და მიყურადების შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე. ამ კითხვაზე “ნეტგაზეთს” პროკურატურაში ჯერჯერობით არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი