ახალი ამბები

მოულოდნელი არ იყო ასეთი შეთხზული ისტორია – ვოლსკი სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე

2 აგვისტო, 2021 • 891
მოულოდნელი არ იყო ასეთი შეთხზული ისტორია – ვოლსკი სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “შეთხზულს”  უწოდებს”მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე, თავად მმართველი გუნდის წევრებს, რომელთა შორისაც გვარამიამ გია ვოლსკიც დაასახელა.

ვოლსკის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას მიერ გასაკვირი არ არის.

“რასაკვირველია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია რომ გინდა შექმნა, მარტო მედიასაშუალებები არ არის ამისთვის საკმარისი და დასმული შეკითხვები. ამისთვის აუცილებელია დაუცველობის და არასტაბილურობის განცდა შეიქმნას მთელ ქვეყანაში. ასე რომ, არც მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიით გამოვიდოდა ამ საქმეში გაწაფული და ძველ პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული ადამიანი.

მეც ნახსენები ვიქნები, თქვენც იქნებით ნახსენები და თვითონ მისი[ნიკა გვარამიას] თავიც. ვისაც გინდათ ახსენებს, პასუხისმგებლობა აქვს რამეზე, ენას ძვალი აქვს თუ გაუჭირდება? ამასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, პროვოკაციის ხავსის შექმნის მცდელობაა, რომელსაც თვითონვე სურს, რომ ჩამოეკიდოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ სუსი მას უსმენდეს, ვოლსკი ამბობს, რომ ამის “საჭიროება არ არის”.

“სუსი დაკავებულია იმ საკითხებით, რათა ჩვენ ყველა, თქვენც უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ თავს, ეს არის სუსის ამოცანა. ის, რომ რაღაც არაფრის მთქმელი დიალოგები გამოაქვეყნა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში, არც ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ის მიკვირს, რომ ადრე რატომ არ დაიწყო ამ თემაზე საუბარი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინ, პირველ აგვისტოს, “მთავარი არხის” დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუსი ფარულად და უკანონოდ უთვალთვალებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს და მათი პირადი ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს აგროვებს. გვარამიას თქმით, ამის შესახებ სუსიდან მოპოვებული ინფორმაცია აქვს, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში წაიკითხა. გვარამის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი გია ვოლკისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საუბრის შესახებაა.

საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია  სავარაუდო უკანონო თვალთვალის და მიყურადების შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე. ამ კითხვაზე “ნეტგაზეთს” პროკურატურაში ჯერჯერობით არ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი