ახალი ამბები

კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, საიდანაც 6 000-მდე დაკავებულია – ტიკარაძე

31 ივლისი, 2021 • 1062
კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, საიდანაც 6 000-მდე დაკავებულია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით ამ ეტაპზე საქართველოს კლინიკებში 7 000-მდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 000-მდე დაკავებულია. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 31 ივლისს განაცხადა.

“დღეს-დღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, საიდანაც 6 000-მდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის ინტენსიურ საწოლზე მკურნალობას გადის 1 200-მდე პაციენტი, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში. ასევე არ დაავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საწოლფონდთან დაკავშირებით ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით კლინიკებში საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამასთან, გაბუნიას განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შორის დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და მათ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 41 965 კოვიდტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 3 196 ადამიანს დაუდასტურდა და დღიურმა დადებითობის მაჩვენებლმა 7.62% შეადგინა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის ინფიცირების 31 295 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში, საიდანაც 5 671 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, მათ შორის 226 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 1 989 ადამიანი კლინიკა-სასტუმროებშია მოთავსებული, 23 655 კი მკურნალობას საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარნტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი