ახალი ამბები

ხელმოწერაზე ვიფიქრებთ, თუ ენმ-ა შემზღუდავი, რომ „ოცნება“ დაუბრუნდეს შეთანხმებას – უდუმაშვილი

30 ივლისი, 2021 • 2336
ხელმოწერაზე ვიფიქრებთ, თუ ენმ-ა შემზღუდავი, რომ „ოცნება“ დაუბრუნდეს შეთანხმებას – უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუკი მმართველი პარტია დაბრუნდება შარლ მიშელის შეთანხმების ჩარჩოებში, ენმ იმსჯელებს, მოაწერს თუ არა ხელს ამ შეთანხმებას.

„შეიძლება ხელი მოვაწეროთ, გააჩნია პირობას. თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობაა“, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში განხეთქილების ვაშლი და, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა 30 ივლისს „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თუმცა უდუმაშვილმა იქვე განაცხადა, რომ „უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს“, რაშიც მას ეჭვი ეპარება.

„ჯერჯერობით „ქართული ოცნებიდან“ ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, გარდა ვითარების გაუარესებისა, რომ ის აპირებს ამ შეთანხმების ჩარჩოებს დაუბრუნდეს. განცხადებები, ჩვენ რაც გვესმის, სრულიად არაადეკვატურია“, – განაცხადა მან.

30 ივლისსვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აზრი არ ექნება, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ახლა მოაწერს ხელს.

„ეს არის უკვე ბავშვური ინიციატივები, თამაშები. როდესაც 100 დღე ხელს არ აწერ, ანულირება ხდება ამ შეთანხმების, ამის შემდეგ ხელმოწერაზე საუბრის დაწყებას აზრი არ აქვს“.

„ეს ყველაფერი დასრულებულია. ეს ფურცელი არის თავიდან ბოლომდე გადაშლილი“, – განაცხადა კობახიძემ.

28 ივლისს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვოს.

ამასთან, „ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა, მათ შორის შარლ მიშელმა, და კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს, მოაწერონ ხელი შეთანხმებას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დრომდე არ აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი