ახალი ამბები

პიკი შეიძლება კიდევ 2 კვირა გაგრძელდეს — გამყრელიძე

30 ივლისი, 2021 • 962
პიკი შეიძლება კიდევ 2 კვირა გაგრძელდეს — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეპიდსიტუაციის მხრივ საქართველო  ახლა იმყოფება მესამე ტალღის შემდგომი ზესვლის ან მეოთხე ტალღის დასაწყისში.

“სახელს რას უწოდებთ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია. აბსოლუტურ რიცხვში კი იზრდება შემთხვევები, თუმცა, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ შემცირებულია ზრდის ტემპი. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ და Health Metrics-ის ინსტიტუტიც გვეუბნება, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება კიდევ დაახლოებით 10 დღე-2 კვირა გაგრძელდეს, შემდეგ კი იყოს ქვევით სვლა, მაგრამ ნელი ტემპით”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეოთხე ტალღის შესაკავებლად, გამყრელიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება და ვაქცინაცია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი.

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 29 ივლისის მონაცემებით არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.09%.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 2 496-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 67 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე.

კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი – 29 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი