ახალი ამბები

“ლიტერა” – სამინისტროს გადაწყვეტილებას მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აპროტესტებენ

29 ივლისი, 2021 • 1210
“ლიტერა” – სამინისტროს გადაწყვეტილებას მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აპროტესტებენ

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიუღებლად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ლიტერატურულ კონკურს “ლიტერას” ერთ წევრს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს. საბჭოს წევრები ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი პრემია “ლიტერას” ორი კონკურსის (“ლიტერა” და “ლიტერა მთარგმნელებისთვის”) ჟიურის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, კერძოდ, წელს პირველად პრემიის ჟიურის 1 წევრს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს.

პრემია “ლიტერა” 2015 წლიდან არსებობს და საქართველოში ლიტერატურული პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მთელი ამ წლების განმავლობაში პრემიის ჟიური ირჩეოდა დამოუკიდებლად.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

  • გიორგი კაკაბაძე
  • ნატო ალხაზიშვილი
  • ნიკოლოზ აგლაძე
  • თამარ კვიჟინაძე
  • ნინო ფირცხალავა
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ამ დროისთვის პროტესტის ნიშნად კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნეს:

  • ნინო სამყურაშვილი – ჯავშანი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • რატი მუჯირი – მეილები ავღანეთზე, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ტორესა მოსი – ორდროშობანა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ჯაბა ზარქუა – ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამომწემლობა “ინტელექტი”;
  • მათე სარალიშვილი – მივიწყებულნი, “სულაკაურის გამომცემლობა”;
  • ირაკლი კაკაბაძე – ამაღლების ქუჩა, გამომცემლობა “არტანუჯი;
  • დავით ქაშიაშვილი – მორნიბიე კაჰ, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ბელა ჩეკურიშვილი – ნანას ცხენი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ელენე კვირკველია – წყვეტა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ზვიად კვარაცხელია – დარეკე! დაუბარე!, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ნათია გიორგაძე – ხმის მატარებელი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ანდრო დადიანი – განსაწმენდელი, “კალმოსანი”;
  • გიორგი შონია – რობოტების ყვავილები, გამომცემლობა “ინტელექტი”
  •  ასევე დიზაინერმა ნატალია ავალიანმა – დამწყები / ლაბირინთი მანუელისთვის, გაომცემლობა “პალიტრა L” (ნომინაცია – წლის საუკეთესო  წიგნის დიზაინი).
  • და თეონა ჭანიშვილიმა – სამი მედეა. პიესები / ამაღლების ქუჩა / იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა) / ცხოველების კარ-მიდამო / მანცხვარკარი, გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი”.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი