ახალი ამბები

“ალტ-ინფომ” “სილქნეტთან” დავა შეწყვიტა

29 ივლისი, 2021 • 1039
“ალტ-ინფომ” “სილქნეტთან” დავა შეწყვიტა

“ალტ-ინფომ” კომუნიკაციის ეროვნული კომისიაში შეტანილი საჩივარი “სილქნეტის” წინააღმდეგ უკან გაიტანა.

როგორც “ნეტგაზეთს” კომუნიკაციების კომისიაში განუცხადეს, “ალტ-ინფოს”  არ დაუსახელებია მიზეზი. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყევტილება დავის შეწყვეტის თაობაზე.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “სილქნეტის” წინააღმდეგ “ალტ ინფოს” საჩივარი 15 ივლისის სხდომაზე უნდა განხილულყო, თუმცა ორი კვირით გადაიდო.

მაუწყებლობის დაწყების შემდეგ “ალტ ინფომ” მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს თხოვნით მიმართა, განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში. “ახალი ქსელებისა” და “მაგთიკომის”  მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო “სილქნეტმა” “ალტ-ინფო” საკუთარ პაკეტში არ განათავსა, რის შემდეგაც ამ უკანაკსნელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

თავის მხრივ,”სილქნეტი” მზადყოფნას გამოთქვამს, ტექნიკური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში “ალტ ინფო” განათავსოს მისი სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში. “ალტ-ინფოს” მიაჩნია, რომ “სილქნეტის” მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, განახორციელოს სავალდებული ტრანზიტი .

5-6 ივლისს, “თბილისი პრაიდის” ღონისძიების ჩაშლის შემდეგ, რომელშიც “ალტ-ინფოს” დამფუძნებლებიც მონაწილეობდნენ, მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოხატა “სილქნეტის” მიმართ და “ალტ-ინფოს” ამოღება მოითხოვა “ახალი ქსელებისა” და “მაგთიკომის” სამომხარებლო პაკეტიდანაც.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი