ახალი ამბები

“ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა

29 ივლისი, 2021 •
“ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა

წელს პირველად ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიურის წევრებიდან ერთი კულტურის სამინისტროს მიერ არის დანიშნული.

საუბარია იოსებ ჭუმბურიძეზე, ჟურნალისტზე, წარსულში გაზეთ “თბილისის” რედაქტორზე.

„წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ“, – წერს „ლიტერა“ პრესრელიზში.

მწერალთა სახლის ცნობით, სრულად ჟიური გამოიყურება ასე:

  1. ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი – მწერალი,  კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

კონკურს „ლიტერას“ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო უკვე 4 კონკურსანტი გამოეთშა. ესენი არიან, მწერლები – ტორესა მოსი, და მათე სარალიშვილი, მწერალი ირაკლი კაკაბაძე და ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. მინისტრს ჟურნალისტისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი