ახალი ამბები

წულუკიანის გამო პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა

29 ივლისი, 2021 • 2240
წულუკიანის გამო პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურს „ლიტერას“ კიდევ ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. ნატალია ავალიანი მანამდე კატეგორიაში –  წლის საუკეთესო წიგნის დიზანის ერთ-ერთი ნომინანტი იყო.

კონკურსიდან გამოთიშვის შესახებ ავალიანმა ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება პროტესტია უშუალოდ წულუკიანის მიმართ.

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა “მწერალთა სახლის” და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ ქართველი ავტორებისთვის, საგამომცემლო საქმისთვის და ზოგადად, ლიტერატურისთვის.

ამასთან, მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი.

ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურს “ლიტერას” მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და “მწერალთა სახლს”. და სრულიად საქართველოს“, – წერს ნატალია ავალიანი.

მანამდე ამავე კონკურსს გამოეთიშნენ მწერლები ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი. მწერლების თქმით, არ მიიღებენ მონაწილეობას პროექტებში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული მანამ, სანამ თეა წულუკიანი მინისტრის პოსტს იკავებს.

რამდენიმე დღის წინ პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. მინისტრს ჟურნალისტისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია, პროკურატურა კი დუმს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. ასევე წელს პირველად მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად ჟიურის ვინაობა საჯაროა. წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  • ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  • რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  • ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
  • ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  • იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი