ახალი ამბები

კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც FB-ზე ანტივაქსერულ გზავნილებს ავრცელებდა

28 ივლისი, 2021 • 7602
კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც FB-ზე ანტივაქსერულ გზავნილებს ავრცელებდა

ივ. ბოკერიას სახელობის  კლინიკიდან გაათავისუფლეს მედძმა, რომელიც პირად ფეისბუკ გვერდზე ვაქცინაციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა.

ვიდეოში, რომელსაც 2.7 ათასამდე გაზიარება ჰქონდა და ამჟამად ფეისბუკმა ცრუ ინფორმაციად მონიშნა, სამედიცინო მუშაკი ეჭვქვეშ აყენებდა ვაქცინის ეფექტურობას COVID-19-ის რისკების შემცირებაში, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს, და ვაქცინაციის მხარდამჭერ ექიმებს აკრიტიკებდა, რომლებმაც იმუნიზაცია ჩაიტარეს.

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი უმცროსი მედპერსონალის, მედძმის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და “მკაცრად ემიჯნება კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას”.

კლინიკაში ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არაერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული.

“ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვაში, სადაც გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი მედპერსონალი წელიწადზე მეტია 24-საათიან რეჟიმში იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად”, – აცხადებენ საავადმყოფოში.

კლინიკის განცხადებით, მათთვის მიუღებელია თანამშრომლობა იმ პირთან, რომლის განცხადებაც  რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას:

“ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი მოსახლეობაში”, – აცხადებენ კლინიკაში.

გირჩევთ:

ვაქცინაციის როლი COVID-ით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი