ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინები ეფექტურად იცავენ ადამიანებს სიკვდილისა და მძიმე ფორმით ავადობისაგან. არაერთ ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატებთ განხორციელებისათვის სხვადასხვა კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის ვაქცინირებულ პირებს შორის ლატარიის მეშვეობით თამაშდება თანხა და სხვადასხვა პრიზი. საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ანტივაქსერი [ვაქცინაციის მოწინააღმდეგე] რომ იყოს, პირველი არ აიცრებოდა და არც მოსახლეობას ექნებოდა წვდომა “4 ყველაზე მაღალი ხარისხის” ვაქცინაზე. ეს განცხადება ტიკარაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც, მინისტრისვე თქმით, მედიაში ანტივაქსერად მოიხსენიეს, მისი ერთ-ერთი კომენტარი კი “ინტერპრეტირებულად” გავრცელდა.
მანამდე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლაში “დამატებითი ბენეფიტია”.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო კომენტარი დღეს დილით მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი, ვინაიდან ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული.
მინდა განვაცხადო, რომ ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, რომ იყოს ის ანტივაქსერი და არც იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი არის ანტივაქსერი, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა.
ძალიან გთხოვთ ყველას, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტიპიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე…”, — აღნიშნა მან.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ამ ციტატაში დაკონკრეტებული არ არის, რომელ “ინტერპრეტირებულ” კომენტარს გულისხმობდა ტიკარაძე.
მანამდე, დღის პირველ ნახევარში, ტიკარაძემ თქვა, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად ყველაზე წარმატებული გზა “თვითორგანიზებაა”, იმუნიზაცია კი — “დამატებითი ბენეფიტი” და აცრილ ადამიანებშიც “ხშირი არის ინფიცირება”. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა კრიტიკული შეფასებები.
“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირი არის ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის.
ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება.
ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით. თქვენ ხედავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოსახლეობას ამისთვის აქვს”, — დასძინა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.