ახალი ამბები

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “ოცნების” კეთილ ნებაზე რჩება

28 ივლისი, 2021 • 1981
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “ოცნების” კეთილ ნებაზე რჩება

“ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რასაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებს, მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა “სახელმწიფოს არ დააზიანებს”.

“რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს — კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და “ქართული ოცნება” ამას მხარს უჭერს. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არის დამკვიდრებული”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, “შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს”.

შარლ მიშელის შეთანხმებით, რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ “ქართული ოცნება” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს იღებს.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი