ახალი ამბები

საქართველოში სპეციალური ჩვენების მქონე 12 წლის ბავშვი კოვიდზე აიცრა

27 ივლისი, 2021 • 5198
საქართველოში სპეციალური ჩვენების მქონე 12 წლის ბავშვი კოვიდზე აიცრა

საქართველოში კორონავირუსზე აიცრა 12 წლის ბავშვი, რომელსაც სპეციალური ჩვენება ჰქონდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“ბავშვებთან დაკავშირებით “ფაიზერს” ახალ ინსტრუქციაში უწერია, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა.  რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენც შესაბამის ვაქცინებზე დავწევთ ასაკს. თუმცა საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა. სპეციალური ჩვენება ჰქონდა ამ ბავშვს და ამიტომ აიცრა”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან არ დააკონკრეტა, რა ჩვენებაზეა საუბარი და თქვა, რომ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემს.

ამ დროისთვის საქართველოში 16 წლიდან აცრა დაშვებულია მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინის შემთხვევაში. 45+ ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი “ასტრაზენეკას” ვაქცინა, ხოლო ჩინური ვაქცინები სრულწლოვანთათვის არის ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი