ახალი ამბები

“რეკომენდაციაა, ყველა თავშეყრას ორჯერ აცრილი ან გატესტილი პირები დაესწრონ” – გამყრელიძე

27 ივლისი, 2021 •
“რეკომენდაციაა, ყველა თავშეყრას ორჯერ აცრილი ან გატესტილი პირები დაესწრონ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC-მ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, ყოველგვარ თავშეყრაზე- იქნება ეს კონცერტი, კონფერენცია თუ სემინარი – მხოლოდ ორჯერადად აცრილი ან/და წინასწარ COVID-ზე ტესტირება ჩატარებული პირების დაშვება იყოს შესაძლებელი.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს საბჭო განიხილავს და თუ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას სამართლებრივ ფორმას შესძენს:

“პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, რეკომენდებულია ღია სივრცეში. ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია, ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რომელიც განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე, რომ თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს ლეგალური ფორმა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე- იქნება ეს კონცერტი, კონფერენცია, სემინარი თუ ა.შ. -დაშვებული იქნან ორჯერ აცრილი ადამიანები ან წინასწარ გატესტილი ადამიანები” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში აგვისტოს ჩათვლით 8 კონცერტი იმართება, რომელშიც 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ კონცერტები ჩატარდება პროექტის „ხელოვანთათვის“ ფარგლებში, ორგანიზებას კი კომპანია „ZMG-ART“ უწევს. მათივე ინფორმაციით, ყველა კონცერტი მსმენელისთვის უფასო იქნება.

ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი მარინა სალუქვაძე ამბობს, რომ კონცერტებზე, რომლებიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება, რეგულაციებს მაქსიმალურად დაიცავენ.

„მოქალაქეები დისტანციით დადგებიან. რაც შეეხება მუსიკოსებს, იმ მუსიკოსებს, რომლებიც არ არიან ორჯერ ვაქცინირებული, გავტესტავთ“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ პანდემიის შემდეგ მუსიკოსებისთვის ჩასატარებელი კონცერტები განსაკუთრებულად მნიშვენლოვანია, რადგან წელიწად-ნახევარია ამის საშუალება არ ჰქონდათ.

კონცერტები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

21.07.2021 – „მზიურის“ პარკი
22.07.2021 – „მზიურის“ პარკი
26.07.2021 – „კიკვიძის“ პარკი
28.07.2021 – გია ყანჩელის სახელობის (ყოფილი „არტოს“) ბაღი
29.07.2021 – გია ყანჩელის სახელობის ბაღი
05.08.2021 – თელავი
12.08.2021 – ზუგდიდი
14.08.2021 – ორბელიანის განახლებული მოედანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი