ახალი ამბები

დელტა შტამით რეინფიცირების შანსი ალფაზე 46%-ით მეტია – კვლევა

26 ივლისი, 2021 • 1505
დელტა შტამით რეინფიცირების შანსი ალფაზე 46%-ით მეტია – კვლევა

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის დელტა შტამით რეინფიცირების შანსი თავდაპირველ, ალფა ვარიანტთან შედარებით 46%-ით მეტია.

განახლებული მონაცემები ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო სფეროს მუშაკებს შორის ჩატარებული ტესტირების შედეგებს ეფუძნება. როგორც The Guradian წერს, ყველაზე დიდი რისკი პირვანდელი ინფიცირებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაა, როცა დელტა შტამით რეინფიცირების შანსი ალფასთან შედარებით 2.37-ჯერ ხშირია.

გამოცემა წერს, რომ უცნობია, რატომ იწვევს მეტ რეინფიცირებას დელტა ვარიანტი, თუმცა ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ადრეული ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა მცირედით სუსტდებოდეს, შესაბამისად, მცირდება ორგანიზმის დაცვის უნარიანობა ახალი შტამის მიმართ, რომელიც მიმდინარე წელს ბრიტანეთში  გახდა დომინანტური.

მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რეინფიცირების შემთხვევები მთლიან სურათში მაინც მცირეა და 1,2%-ს შეადგენს. ეს მონაცემი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ 83 197 შემთხვევის ანალიზით მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი