ახალი ამბები

26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში ვეღარ შემოვლენ — საელჩო

25 ივლისი, 2021 • 4025
26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში ვეღარ შემოვლენ — საელჩო

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ. ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ზემოხსენებული ბრძანება 24 ივლისით თარიღდება.

“ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ბოლო დღეებში საქართველოში ეპიდვითარება უარესდება. 24 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 617  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9 ადამიანი.

ამ ფონზე, საქართველოს მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები აამოქმედა. 14 ივლისიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზეა დაშვებული. ამასთან, აიკრძალა ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

საქართველოში 30 ივნისიდან კომენდანტის საათი მოხსნეს, ასევე შემსუბუქდა თითქმის ყველა შეზღუდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი