ახალი ამბები

დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება – შსს

24 ივლისი, 2021 • 1912
დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება – შსს

შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც კაცმა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სიტყვიერად შეურაცხყო.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, პირი იდენტიფიცირებულია, ადმინისტრაციული წარმოება კი დაწყებულია 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ზემოხსენებული ინციდენტი დღეს, 24 ივლისს მოხდა, როცა ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

კადრებში ჩანს, როგორ აჩერებს მანქანას კაცი, რომელიც, დეკანოიძის თქმით არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ის ჯერ ავტომობილიდან აგინებს დეკანოიძიესა და ენმ-ს, შემდეგ კი მანქანიდან გადმოდის და გინებას განაგრძობს.

ამავე ვიდეოს მიხედვით, დეკანოიძემ კაცს უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, რაზეც პირმა მიუგო, რომ პატრულის არ ეშინია.

მასალების გადაბეჭდვის წესი