ნეტგაზეთი | კორონავირუსთან შეხება ვაქცინაციის შემდეგ – სამი ისტორია კორონავირუსთან შეხება ვაქცინაციის შემდეგ – სამი ისტორია – Netgazeti
Batumelebi | RU

კორონავირუსთან შეხება ვაქცინაციის შემდეგ – სამი ისტორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზის გაკეთების შემდეგ ვირუსით დაინფიცირებულთა შორის გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანები მაინც დაინფიცირდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ ჰქონდა კორონავირუსთან შეხება სხვადასხვა ფორმით.

“ვირუსი ხანგრძლივი ახლო კონტაქტითაც არ გადაგვედო”

ნენე ჭანია “ნეტგაზეთს” უყვება, რომ მის 11 წლის დისშვილს კორონავირუსი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მოზარდთან ერთად მისი დედა, დეიდა და ბებია ცხოვრობენ, არცერთი მათგანი არ დაინფიცირებულა. ჭანია ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სწორედ ოჯახის წევრების ვაქცინაცია გახდა.

“ბავშვის გარდა სახლში ყველანი აცრილები ვართ. მე, დედაჩემი და ჩემი და “სინოფარმით” ავიცერით მაისში პირველი დოზით და ივნისში -მეორით. ვფიქრობ, რომ ვაქცინის დამსახურებაა, რომ არ გადაგვედო კორონავირუსი, რადგან ვცხოვრობთ ერთ სახლში, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ იზოლირებული გვყოლოდა ბავშვი, მაგრამ 11 წლისაა და ვერ აუხსნი. პირბადის გარეშე გამოდიოდა თავისი ოთახიდან. მით უმეტეს, საერთო სველი წერტილები გვაქვს და სამზარეულო. დედამისი კი ძირითადად სულ მასთან იყო ოთახში”, – ამბობს ნენე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მის დისშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად ყოველ 72 საათში ერთხელ იკეთებდა PCR ტესტს, თუმცა ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებია. სწრაფი ტესტი ორჯერ გაიკეთა მოზარდის დედამაც, თუმცა ტესტმა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა. რაც შეეხება მოზარდის ბებიას, მას ტესტი არ გაუკეთებია, მაგრამ, როგორც ნენე ჭანია ამბობს, სიმპტომები არც მას ჰქონია.

ნენეს 11 წლის დისშვილს კი სხვადასხვა სახის სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე და ყნოსვის დაკარგვა.

“ჩემს დისშვილს კოვიდი რომ დაუდასტურდა, თავიდან, რა თქმა უნდა, ყველა შევშინდით. PCR-ის შემდეგ ცოტა დავმშვიდდით, რომ არ დამიდასტურდა. თან სიმპტომებიც არ მქონდა და ვიფიქრეთ, რომ მუშაობს ეს ვაქცინა და რომც გადაგვდებოდა, ისიც ვიცოდით, რომ ისეთ მძიმე ფორმებში არ გვექნებოდა. ვიცით, რომ 100%-ით არ დაგვიცავს, მაგრამ იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ არ დავმძიმდეთ და არ გარდავიცვალოთ”, – თქვა ნენემ.

როგორც ნენე ამბობს, 11 წლის მოზარდს კორონავირუსის გადატანის შემდეგ რაიმე გართულებები არ გამოუვლინდა.

როცა ოჯახში ყველა ვაქცინირებულია

ახლო კონტაქტის მიუხედავად კორონავირუსი არ გავრცელდა ეკა გაბაშვილის ოჯახშიც, სადაც ოჯახის ყველა წევრი ვაქცინირებული იყო. როგორც ეკა ჰყვება “ნეტგაზეთთან”, ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა მის შვილსაც, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა სხვა ოჯახის წევრებზე არ გავრცელებულა.

“6 ადამიანს გვქონდა კონტაქტი, 3 უფრო აქტიურ კონტაქტში ვიყავით ერთმანეთთან. ვირუსის დადასტურების პირველივე წამიდან ვცდილობდით მაქსიმალურად იზოლირებული ვყოფილიყავით და სახლშიც პირბადეები გვეკეთა, თუმცა დადასტურებამდე ორი დღის განმავლობაში ჩემს შვილს სიმპტომები ჰქონდა. ამ პერიოდში ახლო კონტაქტი გვქონდა ერთმანეთთან, თუმცა ვირუსი მაინც არ გადაგვედო”, – ამბობს ეკა გაბაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის ყველა წევრმა სამჯერ გაიკეთა PCR ტესტი, თუმცა სამივე შემთხვევაში ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

“ერთად ვჭამდით, ერთად გვეძინა, სანაპიროზე ერთად ვიწექით, ჩემი შვილიშვილი სულ ჩახუტებული იყო მასთან. მერე რომ აღვიდგინე, ერთი და იგივე ჭიქიდანაც კი გვქონდა დალეული წყალი. ორი დღე მოგვიწია ასე ყოფნა. დადასტურებიდან წინა დღეს და რომ დაუდასტურდა, მესამე დღეს”, – ჰყვება ეკა.

როგორც გაბაშვილი ამბობს, მის შვილს “სინოფარმის” წარმოების ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, თავად -“ასტრაზენეკასი”, ოჯახის უფროს წევრებს კი- “ფაიზერის”.

რაც შეეხება ინფიცირებულის მდგომარეობას, გაბაშვილი ჰყვება, რომ 3 დღის განმავლობაში მის შვილს სურდო, ყელის და თავის ტკივილი ჰქონდა, შემდეგ კი დაემატა ზოგადი სისუსტე, თუმცა 3 დღის შემდეგ ვირუსმა შესუსტება დაიწყო, მერვე დღეს კი სიმპტომები საერთოდ გაქრა.

ინფიცირება აცრის შემდეგ

იდა ბახტურიძე “სინოფარმის” წარმოების ვაქცინით კორონავირუსის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე აიცრა. როგორც თავად ამბობს, დაინფიცირების შემდეგ აქტიური სიმპტომები 3 დღის განმავლობაში ჰქონდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ანალიზებმა აჩვენა, რომ ვირუსმა მისი ჯანმრთელობა არ დააზიანა, რასაც სწორედ ვაქცინას უკავშირებს.

“ორი დღის განმავლობაში ვიყავი ხალხმრავლობაში და მახსოვს, რომ ხშირ შემთხვევაში დახურულ სივრცეში მომიხსნია პირბადე. ამ ორი დღის განმავლობაში ერთ-ერთ დღეს დავინფიცირდი, რაც მესამე-მეოთხე დღეს ტემპერატურის მატებით გამოვლინდა. მაგრამ რადგან აცრილი ვიყავი, მარტივად გადავიტანე. სამი დღის განმავლობაში მქონდა სიცხე. რამდენჯერმე დაფიქსირდა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა 38.2. თუმცა ძირითადად ვირუსი მაინც სიცხის გარეშე ან დაბალი ტემპერატურით ვლინდებოდა. სხვა ისეთი სიმპტომები, რაც კორონავირუსს ახლავს, როგორიცაა სახსრების ტკივილი და ხველა, არ მქონია. შემდეგ პოსტკოვიდური კვლევები გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად იდეალური ანალიზები მქონდა, მათ შორის ფილტვებშიც სრულიად უსაფრთხო მდგომარეობა მაქვს. ამიტომ ვამბობ და მჯერა, რომ უფრო იოლად გადავიტანე ამ აცრის გამო”, – ამბობს იდა.

მისი თქმით, ვირუსის მიმდინარეობისას ყველაზე მკვეთრად ზოგადი სისუსტე აწუხებდა, რის გამოც საწოლიდან ადგომაც უჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მაღალი ტემპერატურა არ უფიქსირდებოდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა, მაგრამ მაინც ეშინოდა, რომ მდგომარეობა დაუმძიმდებოდა.

“პირველად შემხვდა ეს ვირუსი და შიში მაინც მქონდა, მაგრამ მერე დავიწყე რაღაცების კითხვა ამ თემაზე და ვნახე, რომ საქართველოში არცერთი აცრილი არ გარდაცვლილა. მაგრამ ვიცოდი, რომ ინფიცირებულ პაციენტებში მეცხრე დღე განსაკუთრებით კრიტიკულია და ველოდი, რომ შეიძლებოდა მდგომარეობა დამმძიმებოდა. სანამ არ გავედი იზოლაციის ბოლო დღემდე, არ მჯეროდა, რომ ასე იოლად დავამარცხე ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სულ ველოდი აფეთქებას, როგორც ვირუსს ახასიათებს”, – უყვება იდა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, თავდაპირველად სიმპტომები სურდოთი გამოუვლინდა, თუმცა ფიქრობდა, რომ უბრალოდ გაცივდა, ამიტომ თავიდანვე იზოლაციაში არ გადასულა და სხვებთანაც ჰქონდა კონტაქტი. როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთი კონტაქტი მისი თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ერთ ოთახში რამდენიმე საათი გაატარა, თუმცა კორონავირუსი არც მას და არც სხვა კონტაქტებს არ დადასტურებიათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, საქართველოში, 15 მარტიდან 4 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა ხვედრითი წილი 0.19%-ია, მათ შორის კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ 4%-ს.

რაც შეეხება ერთჯერადად აცრილებს, საანგარიშო პერიოდში მინიმუმ ერთი დოზით 161 799 ადამიანი იყო აცრილი, საიდანაც მეორე დოზის მიღებამდე ვირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, რაც იმავე პერიოდში, სულ მცირე, ერთი დოზით ვაქცინირებულთა 0.49%-ს შეადგენს. მათ შორის გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი