ახალი ამბები

“ფორმულას” ჟურნალისტზე მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

23 ივლისი, 2021 • 1347
“ფორმულას” ჟურნალისტზე მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი აცხადებს, რომ ემუქრებიან.

ჟურნალისტის თქმით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი დაემუქრა, რომ 5 ივლისი, როცა ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, “მონაგონი იქნება”.

“ჩემს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ვიდეო განვათავსე, სადაც ჩემს მეგობარს მივმართავდი. არანაირ კავშირში არ იყო არც 5 ივლისთან, არც დაპირისპირებასთან, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ვიდეო, სადაც  გამოჩნდა ერთ-ერთი ადამიანი, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული დავით ქართველი, და მან ტელეკომპანია “ფორმულა”, სადაც მე ვმუშაობ, მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ასევე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომიხსენია მე და მითხრა, რომ 5 ივლისი იქნებოდა მონაგონი[…]

დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა, ეს ადამიანი დაიკითხება და შესაბამისად დაისჯება”, – განაცხადა “ფორმულასთან” დავით ჭაბაშვილმა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი