ახალი ამბები

დროშის დაზიანებისთვის დასჯა იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომაა – ჯაფარიძე

22 ივლისი, 2021 •
დროშის დაზიანებისთვის დასჯა იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომაა – ჯაფარიძე

„დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს, რისიც არ უნდა იყოს, დაზიანება-განადგურებისთვის ადამიანის დასჯა არის იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომა“, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივას.

„დასჯადი უნდა იყოს სხვისი საკუთრების დაზიანება/განადგურება, გინდა დროშა იყოს, გინდა კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური“, – წერს ჯაფარიძე.

პარლამენტში 21 ივლისს განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო შენობების წინ განთავსებული ევროკავშირის ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციები დაწესდება.

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯოდმარემ, კახა კუჭავამ 21 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

ამ ინიციატივას წინ უძღოდა 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოხევა.

არსებობს კადრები, სადაც ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე ძალადობრივ ჯგუფებს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის მითითებას აძლევს, რის შემდეგაც ძალადობრივი ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.

7 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართა.

ვრცლად:

EU-ს ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე პარლამენტში სანქციებს განიხილავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი